Pages

Thursday, December 11, 2025

„რომ ჩამოდიხარ მთის ძირში, ხვდები, რომ მთა კი არ გადალახე, გადალახე შენი სისუსტეები და შენ უკვე მზად ხარ შემდეგი მიზნებისთვის, რომლებიც შეიძლება ბევრად რთული იყოს“ - არჩილ ბადრიაშვილი ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსის მიზანია სტუდენტებში ალპინიზმის კვლევის მიმართ ინტერესის წახალისება, ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობა საქართველოში და ქართული ალპინიზმის ისტორიის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაცია. ილიაუნის „ადიქციის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულის, არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდია 2024 წელს დააფუძნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა. არჩილი მსოფლიოში აღიარებული ახალგაზრდა ალპინისტი იყო. მის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ალპინისტური მარშრუტი და გაუკვალავ მწვერვალებზე პირველასვლა, რისთვისაც დაჯილდოებულია ალპინიზმის „ოსკარად“ წოდებული ოქროს წერაყინით. არჩილ ბადრიაშვილი გამორჩეული ავტორია, რომელმაც ქართული ალპინიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მიღწევები გააცნო მსოფლიოს ცნობილი საერთაშორისო ალპინისტური ჟურნალებისა და გამოცემების მეშვეობით. კონკურსის წლევანდელი თემაა საქართველოს მთების მრავალფეროვნება. გამარჯვებულ სტუდენტს სრულად დაუფინანსდება ერთწლიანი სწავლის საფასური (2250 ლარის ოდენობით). ვის შეუძლია მონაწილეობა? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტს; კანდიდატი უნდა იყოს მთიანი რეგიონიდან; უნდა წარმოადგინოს პროექტის სამუშაო მონახაზი ალპინიზმის თემაზე (ბლოგი, ვლოგი, კვლევა, ფოტო/ვიდეორეპორტაჟი).




იხილეტ ბმული